Monday, January 14, 2013

ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან..


- ნინო რამიშვილის სახელი და ილიკო სუხიშვილის გვარი, ორი გენიალური ადამიანის სიმბოლური სინთეზი. ამ სახელის და გვარის ტარება თქვენთვის რა არის?

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობა... საერთოდ, ამ ოჯახში რომ დავიბადე და მათი დაწყებული საქმე გავაგრძელე... საქმეც აღარაა, უფრო ჩემი ცხოვრებაა. ჩვენი გვარი პროფესიად იქცა, - "სუხიშვილები" ცეკვავენ"... 

"სუხიშვილები" ჩამოვიდნენ"... "სუხიშვილებში" მივედი"... ეს გვარი უკვე ბრენდად იქცა. თავად, როცა პროფესიას მეკითხებიან, ძალიან ვიბნევი, არ ვიცი, რა ვუპასუხო, საკუთარ თავს ქორეოგრაფს ვერ დავარქმევ, არც მოცეკვავე ვარ, დიდი ხანია სცენაზე აღარ გამოვსულვარ, ამიტომ, მირჩევნია პირდაპირ ვთქვა, რომ "სუხიშვილებში" ვმუშაობ. 

- როგორც მახსოვს, საკმაოდ გვიან დაიწყეთ თქვენც და თქვენმა ძმამაც... 

- რადგან ანსამბლში მუშაობა მოგვიანებით დავიწყე, ეს არ ნიშნავდა, რომ ბავშვობიდან ამისათვის არ ვემზადებოდი, ამის სურვილი ყოველთვის მქონდა... 

- მაშინ მითხარი, როგორი იყო ეს მზადების პერიოდი ნინო სუხიშვილისთვის?

- როგორც ცნობილი ადამიანების შთამომავალს, მათი ჩრდილის ქვეშ ყოფნის კომპლექსი მეც მქონდა. როცა მეკითხებოდნენ, "იმ სუხიშვილების" რა ვიყავი, ყოველთვის ვპასუხობდი - არაფერი-მეთქი. 

არასდროს მინდოდა ჩემ გარშემო ზედმეტი აჟიოტაჟი შეექმნათ. გარკვეული პროტესტის გრძნობაც მიჩნდებოდა. მინდოდა, საკუთარი სახელით გავმხდარიყავი ცნობილი, თუმცა, რაც ილიკომ და ნინომ გააკეთეს, იმაზე მეტის გაკეთება ვერც კი წარმომედგინა. 

ანსამბლში ჯერ კოსტიუმების მხატვრად დავიწყე მუშაობა, კოსტიუმებზე დღესაც ვმუშაობ. ცოტამ თუ იცის, რომ მოცეკვავის პროფესია მძიმე შრომას უკავშირდება და ალბათ ამიტომ იყო, რომ ცეკვა მოგვიანებით დავიწყე. 

მოცეკვავეების პრობლემები უკეთ რომ გამეგო, მათი ტკივილი უნდა გამეზიარებინა, ბოლო რიგში მათთან ერთად უნდა ვმდგარიყავი. შედეგად, დღეს კარგად ვიცი, მოცეკვავეებს ოთხი მოჭერილი ნაწნავით ცეკვა როგორ უჭირთ, ვიცი, როგორ სძვრებათ ქუთუთოს კანი ან ფეხის ფრჩხილი... 

როგორი ძნელია, მიყოლებით 70 კონცერტის ჩატარება. ამ ყველაფერთან ერთად, ცეკვა თავადაც ძალიან მინდოდა. სცენაზე პირველად რომ გამოვედი, ბაბუამ მითხრა: "ტაშს რომ დაგიკრავენ, ჩათვალე, რომ დაღუპული ხარ, ეს ვირუსია, რომელსაც ვერასდროს მოიშორებო..." 

მართლაც, სცენას იმხელა ძალა აქვს, მსახიობები უკეთ გამიგებენ. თანდათან ყველა ცეკვა შევისწავლე. პრივილეგიები არასდროს მქონია, ოჯახის წევრები მეტს მთხოვდნენ, სხვებთან შედარებით უფრო მჩაგრავდნენ, რომ იტყვიან, ლანგრით არაფერი მომსვლია, ყველაფერს შრომით მივაღწიე. 

ანსამბლში მუშაობის ყველა ეტაპი გავიარე, როგორც რიგითმა თანამშრომელმა.


- თქვენი და თქვენი ძმის მიერ ანსამბლში წამოწყებულ ექსპერიმენტებს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრიც კრიტიკულად. ფაქტია, რომ ბევრი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. 

ჩემი აზრით კი, ახალმა პროექტებმა ანსამბლი გადაარჩინა... ეს რევოლუციური ნაბიჯები იყო?

- გეთანხმებით. ანსამბლის მუშაობა ყოველთვის წინსვლისკენ სწრაფვას უკავშირდებოდა, ნინოც და ილიკოც თავიანთ საქმეში ნოვატორები იყვნენ. 40-იან წლებში რაც გააკეთეს, ისეთივე რევოლუციური იყო, როგორიც უმცროსი ილიკო სუხიშვილისა და ჩემი ახალი ცეკვები. 

ამ ცეკვებს უკვე 10 წელი უსრულდება. ტრადიციული, აკადემიური პროგრამა და ახალი პროგრამა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ახალ პროგრამაში იმდენ ვარიაციას ვაკეთებთ, რომ თბილისში ერთნაირი კონცერტი არ გაგვიმართავს. 

რასაკვირველია, პროგრამაში ამ ცეკვების ძირითადი ბირთვი, მარგალიტები - რჩება. ექსპერიმენტების მიმართ შიშის გრძნობა არ გვაწუხებს. ერთი წუთით არ შეგვპარვია ეჭვი, რომ ახალი ცეკვები ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს ძალიან მოეწონებოდათ. 

"ზეკარი" ნინოს დროს დაიდგა და მაყურებელმა ცეკვა კარგად მიიღო. მის 90 წლის იუბილეს მივუძღვენით. უმცროსმა ილიკომ გურული ცეკვა დადგა და მოცეკვავეებს თავსაფარი გურულად წაუკრა, რომელზეც ამბობდნენ, თავზე ბანდენა დაახურაო. 

ვფიქრობ, რომ საინტერესო კოსტიუმი გამოვიდა და ეს ცეკვაც ჰიტად იქცა. ამ პროგრამებით ქართული ცეკვა და ფოლკლორი გადარჩა. 70-80 წლებში ანსამბლის კონცერტებზე უფროსი ასაკის მაყურებელი დადიოდა. ახალმა პროგრამებმა ახალგაზრდები მოიზიდა. 

თავის დროზე ილიკომ და ნინომ ჩვეულებრივი, ეთნიკური ცეკვები აკადემიურ დადგმამდე აიყვანეს. 70 წლის წინ, ამ ფორმით ცეკვის დადგმა რევოლუციური იყო. ყველა ცეკვა საავტორო გახლდათ. ზოგი ცეკვა ნინოს ჩაფიქრებული ილეთებით იყო დადგმული, ნაწილი კი ილიკოს ჩანაფიქრით განხორციელდა, ამიტომ, ეს ცეკვები ხალხურობას გასცდა. 

ჩვენც მათ გაკვალულ გზას მივყვებით. მაგალითად, ცეკვას "ილოური" იმიტომ დავარქვით, რომ უფროსი ილიკო სუხიშვილის მოფიქრებული ილეთებით დაიდგა. 

გვაქვს ასევე "ნინოური" ილეთებიც. მაშინ, როცა ნინო და ილიკო მოღვაწეობდნენ, ცნება "საავტორო" არ არსებობდა და ამ ცეკვების ავტორობაზე უარს აცხადებდნენ იმ მიზეზით, რომ ყველაფერი ხალხს ეკუთვნოდა. ხალხიც მიეჩვია იმას, რომ ეს ცეკვები მართლაც ხალხურია და არა ნინოს და ილიკოს ფანტაზიის ნაყოფი. 

ცეკვა "სამაია" მთლიანად მათი შთაგონებითაა შექმნილი. უმცროსი ილიკოც, როცა მუშაობდა ცეკვებზე "ზეკარი", "ჯუთა", "სვანური," "ლაზური", რასაკვირველია, იყენებდა ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ილეთებს, მაგრამ ცეკვა, ძირითადად მისი ფანტაზიის ნაყოფია. 

- თქვენი ოჯახი და ანსამბლი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ბევრს ლაპარაკობდნენ ნინოსა და ილიკოს ხასიათის თავისებურებებზე... მათ შთამომავლებში ეს თვისებები როგორ განაწილდა?

- ჩვენც, რაღაცნაირად ვიმეორებთ მათ ტანდემს. თავად ძალიან მინდა ბებიას ვგავდე. ისედაც, ყოველთვის მას ვბაძავდი, თუმცა არ გამომდიოდა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მის გარდერობში ძრომიალი, ვერთობოდი მისი ჩანთებით, ფეხსაცმელებით, სამოსით. 


როცა გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, ინდივიდუალური გზა ავირჩიე. ბებიასნაირად რომ გავიკეთო მაკიაჟი და თავზე ჩალმა მოვირგო, სასაცილო არ ვიქნები? თუმცა ძალიან მომწონს მისი სტილი. მართალია, გარეგნობით არ დავემსგავსე, მაგრამ ამბობენ, რომ ხასიათით ვგავარ. 

სამსახურში მასსავით მკაცრი და მომთხოვნი ვარ. ბაბუასგან საოფისე საქმის მიმართ დამოკიდებულება გამომყვა. შემოქმედებითი ნაწილი მთლიანად ილიკოს ეხება, მე უფრო შეხვედრები, კონტრაქტები და ანსამბლის მენეჯმენტი მაბარია. 

- მინდა, ნინო რამიშვილის ცნობილი ჩაცმის სტილი გავიხსენოთ... იმ პერიოდისთვის არასაბჭოური სტილით გამოირჩეოდა...

- საოცრად ელეგანტური და ინდივიდუალური ჩაცმის სტილი ჰქონდა. 

ატარებდა ქუდს, პირბადეს, ყოველ თავსაბურავს თავისი ხელთათმანი ჰქონდა, ყოველ ჩანთას შესაფერისი ფეხსაცმელი, ამიტომაც მიყვარდა ბავშვობაში მის გარდერობში ტრიალი. 

საბჭოთა კავშირში ასე მართლა არ იცვამდნენ. ინტერვიუების დროს ხშირად ეკითხებოდნენ, თუ სად უკვეთდა მადამი თავსაბურავებს. პასუხობდა, რომ პარიზში, სინამდვილეში კი, ჩალმებს საკუთარი ხელით ქმნიდა. 

- წლების განმავლობაში "სუხიშვილები" თბილისს სტილს კარნახობდნენ...

- დედისგან და ბებიისგან გამიგია - როცა ჩვენი ანსამბლის გოგონები რეპეტიციიდან გამოდიოდნენ, პლეხანოვზე ქალების გუნდები ხვდებოდათ და მათი კაბების ესკიზებს უბის წიგნაკში იხატავდნენო. ჩვენი ანსამბლის გოგონებმა 60-იან წლებში შემოიტანეს ვარცხნილობა "ბაბეტას" სტილი და მთელი თბილისი ამ ვარცხნილობით დადიოდა. 

მაკიაჟი და თვალებთან ისრები, ე.წ. "სტრელკები," თბილისში ასევე ჩვენმა გოგონებმა შემოიტანეს. ფაქტობრივად, გასტროლებიდან მოდა ჩამოჰქონდათ.

- გამოდის, თქვენს ანსამბლს ორმაგი ფუნქცია ჰქონდა, საქართველოდან კულტურა გაჰქონდა, უცხოეთიდან მოდა შემოჰქონდა...

- ეს მისია გრძელდებოდა იმ პერიოდამდე, ვიდრე დაკეტილი იყო საზღვრები. საზღვრების გახსნასთან ერთად, საქართველოში შემოვიდა უცხოური ჟურნალები, გაჩნდა გადაცემები და ამიტომ, "სუხიშვილებმა" თანდათან ეს ფუნქცია დაკარგა. 

მეც მახსოვს, ჩვენი ანსამბლის გოგონები ნეილონის ფერად-ფერად ქურქებში. 20 გოგონა ამ ქურქებით რომ გამოეფინებოდა, ქალაქში ფურორს იწვევდა. ამიტომაც ჩანდნენ ჩვენი გოგონები და მათზე ამბობდნენ, ლამაზები არიანო. 

კარგი გარეგნობის გოგონები არც ახლა გვაკლია, მაგრამ ჩაცმის კულტურით იმდენად აღარ გამოირჩევიან. რაც შეეხება მოდას, ბებიასაც შემოჰქონდა... ჩაცმის კულტურაში ჯერ ანსამბლის გოგონები ჰბაძავდნენ. 

დედასგანაც მახსოვს, რომ მისთვის ნინო რამიშვილი დახვეწილი გემოვნების სიმბოლო გახლდათ. ყველას ის სუნამო უნდოდა, რომელსაც ნინო რამიშვილი იპკურებდა, სწორედ ისეთი სტილის კაბას ირჩევდნენ, როგორსაც ნინო. ეს სტილი ჯერ ანსამბლის გოგონებზე ვრცელდებოდა, შემდეგ, მთელ თბილისზე. 

ბებია არა მარტო მაღაზიაში იძენდა სამოსს, არამედ ხშირად იკერავდა. რაც უნდა კარგი მატერიალური მდგომარეობა ჰქონოდა, ყოველთვის შანელის სამოსით ვერ ივლიდა. იმდენად კარგად ირგებდა ყველაფერს, რომ ყველაზე უბრალო კაბაც მის სხეულზე განსაკუთრებულად ჩანდა. 


- ძველი გადაცემა მახსოვს ... მხცოვანი ნინო რამიშვილი ქალბატონებს სავარძელში ჯდომის კულტურას ასწავლიდა... 

- იცით, როგორი "ასანკა" ჰქონდა? მთელი დღე გამართული იჯდა, რასაც თავად ვერ შევძლებდი. სხვათა შორის, თავს ძალიან უვლიდა და მიაჩნდა, რომ ასაკოვანი ქალისთვის მოვლილი სხეული უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სახე. 

ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ძალიან გამხდარი იყო და ამის გამო სახეზე ბევრი ნაოჭი ჰქონდა. თავად დარწმუნებული იყო, რომ წონაში მომატება არ იყო საჭირო, ვინაიდან ზურგიდან ახალგაზრდა ქალს ჰგავდა, ყოველ ნაოჭს კი თავისი თვე და რიცხვი ჰქონდა. 

პლასტიკურ ოპერაციებზეც უარს ამბობდა. ნინო გახლდათ ნამდვილი ლედი, თავადური წარმომავლობა არც მას ჰქონია და არც ილიკოს. თვითნაბადი არისტოკრატები იყვნენ. ილიკო გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდა. ერთი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. 

მამინაცვალთან დაჩაგრულად იზრდებოდა. 12 წლის იყო, როცა აღმაშენებლის გამზირზე მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან ფოსტალიონად მუშაობდა. ილიკომ იმდენს მიაღწია, რომ წლების შემდეგ, მეფის კარზე, როგორც დიდ არისტოკრატს, მოწიწებით იღებდნენ. 

ნინო შედარებით ძლიერ ოჯახში გაიზარდა. ნინოს მამა ინჟინერი იყო, რომელიც ხიდებსა და გვირაბებს აგებდა. შემდეგ დაიჭირეს და გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. 

- თენგიზ სუხიშვილი...

- თენგიზი... საოცარი პიროვნება გახლდათ... როგორც "ცნობილი მშობლების შვილმა," ზუსტად ისეთივე გზა გაიარა, როგორიც მე და ილიკომ. თავად არაჩვეულებრივი მოცეკვავე იყო, იმ თაობის გამორჩეული მამაკაცი. შემდეგ, თენგიზმა გადაიბარა მშობლების საქმე. 

ანსამბლისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი, სწორედ მამას ხელმძღვანელობის პერიოდს დაემთხვა. ნინომ და ილიკომ უმძიმეს დროს შექმნეს ანსამბლი, სტალინის და ბერიას მმართველობის ეპოქა გაიარეს. თენგიზმა პოსტკომუნიზმის ეპოქაში ჩაიბარა მათი საქმე. 

სოციალიზმიდან კაპიტალისტურ წყობაზე გადადიოდა ჩვენი ქვეყანა. იყო საშინელი სიდუხჭირე, ანსამბლს არავინ აფინანსებდა. აღარ არსებობდა "გოსკონცერტი," რომელიც გასტროლებს უწევდა ორგანიზებას. მხოლოდ შემდგომ ჩამოყალიბდა საპროდიუსერო სააგენტოები და კომპანიები. 

თენგიზმა ძალიან მძიმე პერიოდში გაიტანა თავი და ანსამბლი. მანქანა გაყიდა, ბინას აგირავებდა, რომ ანსამბლი გასტროლებზე წაეყვანა. პარალელურად ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა, როგორ ახერხებდა, არ ვიცი... 

ჩვენ სხვანაირად ვწყვეტთ საგასტროლო შემოთავაზებებს. თუ არ ანაზღაურებენ მგზავრობას, სასტუმროს და დარბაზის იჯარას, ასეთ გასვლაზე უარს ვაცხადებთ. ახლა ამის ფუფუნება გვაქვს, თუმცა არც ისე იოლია დიდი ანსამბლის მართვა. 

უფროსი ილიკო სუხიშვილი იყო არაჩვეულებრივი მენეჯერი და პროდიუსერი. ფაქტობრივად, ბრწყინვალე შოუმენი გახლდათ, რომელმაც იმ პერიოდში დროს გაუსწრო. 

დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასზე მაგარი პროდიუსერი ვერავინ იქნებოდა და არა მხოლოდ მისი ანსამბლისთვის. ჩვენს ანსამბლთან შალიაპინისა და ანა პავლოვას იმპრესარიოები მუშაობდნენ. ილიკოსთან ურთიერთობის შემდეგ გაოცებული რჩებოდნენ, სპეციალური განათლების გარეშე ამდენს როგორ ახერხებსო. 


ჩემთვის და ილიკოსთვის ანსამბლის მართვა არც ისე იოლი საქმეა. დრო შეიცვალა და ის სტილი, რა
სტილითაც უფროსი ილიკო მუშაობდა, დღეს აღარ ამართლებს. ძალიან რთულია, გადარჩე და მზის ქვეშ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრო. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ანსამბლი ბრენდად ითვლება, მაინც არ უნდა გაჩერდე, არ დაკმაყოფილდე მიღწეულით. ანსამბლს გარკვეული პროგრამა ჰქონდა, რომელიც 50 წლის განმავლობაში სცენაზე გამოჰქონდა. კი, ეს პროგრამა ვითარდებოდა და იხვეწებოდა, მაგრამ არ იცვლებოდა. 

მაგალითად, უკრაინაში მეექვსე წელია ზედიზედ ვატარებთ კონცერტებს. ყოველ წელს ახალ პროგრამას გვთხოვენ. იგივე პროგრამა რომ შევთავაზოთ, მეორე წელს აღარ დაგვიძახებენ.

- ძმისშვილები ცეკვავენ?

- დარია ბალეტზე დადის და ცეკვა უყვარს. უნდა, რომ ჩვენი საქმიანობა გააგრძელოს. ლიზამ ჯერ არჩევანი ვერ გააკეთა. არ აქვს მნიშვნელობა, იცეკვებს თუ არა, მაინც ამ სისტემაში იქნება. შეიძლება ბიზნესმენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავროს და ანსამბლს უხელმძღვანელოს. 

პროფესიის არჩევა არავის უნდა დააძალო. ანსამბლში მუშაობა ჩემთვისაც არავის დაუძალებია. მეტიც, ცეკვა არ გინდა? ამ კითხვით არასდროს მოუმართავთ, ყველაფერი თავისთავად მოხდა, საკუთარი სურვილით. საკუთარი ცხოვრება საკუთარი ძალებით უნდა შექმნა, ამაზე მეტი არაფერია...

- ნინო სუხიშვილი რითი ცხოვრობს დღეს?

- ჩემი ოჯახით, ანსამბლით, ჩემი საქმიანობით. ეს ყოველივე ისაა, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მაძლევს. დილით გაღვიძება მიხარია, იმიტომ, რომ ანსამბლის რეპეტიცია მელოდება. 



ზურა მგალობლიშვილი

წყარო : https://www.facebook.com/notes/sukhishvilebi/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C/10150518213825926


No comments:

Post a Comment